ცამდე მართალი ვარ, - ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე განაცხადა და შვილის მიმართ ძალადობა და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა კატეგორიულად უარყო.
დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, დანაშაული მას არ ჩაუდენია და „ცამდე მართალია“.
„ცამდე მართალი ვარ. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე. მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთანეთს ძმაკაცურად“, - აღნიშნა ბრალდებულმა.
პროკურორის დავით შვანგირაძის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და განიხილება ყველა ვერსია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება.
თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული.