სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულიშუახნის ქალის ადვოკატის ლევან კაკაშვილის განცხადებით, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებულს დაკავებამდე სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა.
„თუ გამოძიება არ დაინტერესდა ამ ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, როგორც დაკავების ოქმშია მითითებული, დაკავებამდე აქვს მიყენებული და ამ ფაქტზე არ ჩაატარებენ ექსპერტიზას, ჩვენ, დაცვის მხარე ჩავატარებთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომ გაირკვეს სხეულზე არსებული სილურჯეების ხანდაზმულობა და გამომწვევი მიზეზები”, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან კაკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ადვოკატის თქმით, თვეების მანძილზე ბრალდებულს დამსაქმებელთან უთანხმოება ჰქონდა. ის სტრესულ გარემოში იყო, მას უნდოდა სამსახურის დატოვება, მაგრამ არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ განანებთ თუ ბავშვებს დატოვებო.