"უცნობია რა დოზით აქვს თამარს ეს წამლები მიღებული"

2020-08-21 14:42:50

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა შუალედური ექსპერტიზის შედეგები მიიღო. შუალედურ დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის და ანთების საწინააღმდეგო წამლები, თუმცა, რაოდენობა მითითებული არ არის. ჯერჯერობით ისიც უცნობია, თამარ ბაჩალიაშვილს მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური/ალკოჰოლური ნივთიერებები. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, აღებულია შესაბამისი სინჯები და პასუხი საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნონილი.

"წერია სხვადასხვა აბები, მაგრამ არ არის მითითებული [რამდენი], მანდ არ არის ნარკოტიკები, მანდ არ არის ფსიქოტროპული, მანდ არ არის ფსიქოაქტიური... არის ანთების საწინააღმდეგო გარკვეული აბები, რომელსაც შეიძლება ადამიანი იღებდეს ყოველდღე. ეს გადამოწმდება, გადაეგზავნება შესაბამის სპეციალისტებს, სხვადასხვა ქვეყნის ტოქსიკოლოგებს და დაველოდებით საბოლოო დასკვნას" - ამბობს ადვოკატი.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სწორედ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.