დამლაგებლებს შრომატევადი სამუშაოს შესრულება მოუწევთ

2020-08-17 15:02:57

„განათლების კოალიციამ“ განათლების სამინისტროსთვის 2020-2021 აკადემიური წლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელსაც პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დისტანციური სწავლების დროს წააწყდნენ, მეორე ნაწილი კი მომავალი სასწავლო წლის რეკომენდაციებს ეთმობა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდას ეხება. დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, მომდევნო სემესტრისთვის აუცილებელია მკაფიო ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავება სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამ ნაწილში საუბარია სკოლის ექიმებისა და დამლაგებელთა ანაზღაურების საკითხზე, რადგან მაღალი ალბათობით მათი საქმიანობა გაცილებით შრომატევადი გახდება.

 

„აქვე საგულისხმოა, რომ დამლაგებლის მაქსიმალური ანაზღაურება არის 372 ლარი, 1800+ ბავშვიან სკოლაში. 200 მოსწავლიან სკოლაში მაქსიმალური ანაზღაურება შეადგენს 210 ლარს, 300-მდე – 228 ლარს, 530-მდე – 264 ლარს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„განათლების კოალიციის“ დირექტორი, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ მათ გაუზიარეს კვლევის შედეგები განათლების სამინისტროს და კოალიცია მზად არის კომუნიკაციისა და პროცესში მონაწილეობისთვის.