ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად და ჩვენ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გავზრდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმვნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის რვა ათასი ლარით გაზრდის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
„ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ონკოპაციენტების დაფინანსების გაზრდის ინიციატივაზე მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წელს შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიიღეს.
„დღესდღეობით საქართველოში 38 ათასზე მეტი ონკოპაციენტზე მეტი ფიქსირდება, რომელიც ებრძვის მძიმე სენს. 2019 წლის ნოემბერში გაფართოებული ჯგუფი შევქმენით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ექპერტები, საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები. ამ ფორმატში შევიმუშავეთ ცვლილებება, რომელსაც დღეს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ცვლილება ეხება იმ პრეპარატებს, რომელიც ეფექტიანი გამოსვლებით ხასიათდებიან. სწორედ მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი ფინანსდებოდა და ხშირი იყო შემთხვევები, როცა პაციენტებს საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაფინანსოთ და პრეპარატების ახალი თაობა გახდეს ხელმისაწვდომი მათთვის.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაფინანსდება.
ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.