ჯანდაცვის სამინისტრო, რიგი ფიზიკური პირების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ 0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტზე საუბრობს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებაშია ნათქვამი, გარკვეული პირები მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, რასაც რეაგირება მოჰყვება.
„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან,“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
აღნიშნულ ფაქტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.
„ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, - განაცხადა პრემიერმა.