ტური რუსთავის საწარმოო ზონაში [photo]

2020-08-16 21:11:10

სოციალური პროექტის "გავიგუდეს" წევრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის რუსთავის საწარმოო ზონაში საინფორმაციო ტური მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები დაათვალიერეს.

"ჩვენ მოვინახულეთ რუსთავში არსებული საწარმოები. რუსთავში ორმოცამდე საწარმო გვაქვს, თუმცა ჩვენ მოვინახულეთ დიდი დამაბინძურებლები...

ამ ტურის მიზანია, ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ და ასევე თქვენც ჟურნალისტები, თვალნათლივ ხელშემხებლობაში მოხვიდეთ ამ ყველაფერთან და წარმოიდგინოთ ჩვენს უკანა ეზოში რა ხდება. ის ფონი, რაც ჩვენს ქალაქშია ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, არ არის ეს მძაფრად აღქმადი. მაგრამ ის დაბინძურება, რომელიც აქედან მოდის ამ კერიდან, ეს ყველაფერი ხვდება ჩვენს ორგანიზმში და ჩვენს ორგანიზმს ექმნება სერიოზული საფრთხე.

ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. ყველა ადამიანს, ყველა რუსთაველს ვაჩვენოთ, მოვუყვეთ, თუ სად ცხოვობენ",- განაცხადა გავიგუდეს აქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ.

რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა საინფორმაციო ტური რუსთავის საწარმოო ზონაში ქალაქის მცხოვრებლებისთვის რამდენჯერმე უკვე მოაწყეს და მის გაგრძელებასაც გეგმავენ. მისი მიზანი რუსთაველებში გარემოს დაბინძურების მხრივ ცნობიერების გაზრდაა.

შეგახსენებთ "გავიგუდეს" აქტივისტებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შეადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც  გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის წესდება ახალი სანქციები და იზრდება ჯარიმის თანხაც.

კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები