ჩერთო თუ არა ბაჩალიაშვილის საქმეში FBI

2020-08-15 12:45:11

თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის ინფორმაციით, გუშინ მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია, რომ FBI-ს ექსპერტები უკვე საქმეში ჩაერთნენ, რასაც, ადვოკატის განცხადებით, საკუთარი წყაროებითაც გადაამოწმებს.

რამიშვილის ვარაუდით, 23 წლის პროგრამისტის სოციალური ქსელებიდან წაშილილი ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეზე წვდომა ქართულ მხარეს მაქსიმუმ 1 თვეში ექნება.

"ეს არის ინფორმაცია რასაც მთავრი პროკურატურა გვაწოდებს და ამის გადამოწმება ჩემი მხრიდან დამოუკიდებლად მაინც მოხდება. შინაარსობრივ ინფორმაციებს Facebook-დან, Whatsapp-დან და სოციალური ქსელებიდან ამერიკელი ექსპერტების გარეშე ვერ მივიღებთ", - განაცახდა მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მიმოწერები წაშლილია 23 წლის გოგონას Instagram გვერდიდანაც, თუმცა, აღნიშნული გვერდი, ბაჩალიაშვილის Facebook-სგან განსახვავებით, იძებნება.

რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, როგორც მიხეილ რამიშვილმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ იმ კომპანიისგან, რომლის მომხმარებელიც თამარ ბაჩალიაშვილი იყო, სატელეფონო ზარების ამონაწერები უკვე გამოითხოვა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა აღარ სურს. მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ უნდობლობაა.

გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს და გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შსს-სთან აღარ მინდა ურთიერთობა და მინდა ყველაფერს თქვენთან გავეცნო-მეთქი. მე გუშინ გავაჟღერე, რომ მისი ნდობის ფაქტორი მაქვს. თავიდან შსს-ს იმედიც მქონდა და იმიტომ გავატანე კომპიუტერი. ასე რომ მცოდნოდა, რომ ასე შეეცდებოდნენ საქმის ჩაფარცხვას, ყველაფერის წაშლას, არ გავატანდი. ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.