გორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე 22 წლის ბიჭმა 17 წლის გოგო მოიტაცა. შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონა გამტაცებლებს ამ წუთებში უკან, გორის მიმართულებით მიჰყავთ. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, გამტაცებლები არასრულწლოვანთან ერთად, საკუთარი ნებით, პირდაპირ გორის პოლიციაში მივლენ.
გატაცებულის ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია საფარის იურისტი, თამუნა ლუკავა იცავს. "ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ლუკავას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ გამტაცებლებმა გოგონა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ რაჭაში წაიყვანეს.
"გოგონას დეიდისგან ვიცი, რომ რაჭაში ჰყავდათ და ახლა თავად გამტაცებლებს მიჰყავთ გორის მიმართულებით, პოლიციაში. არასრულწლოვანს პოლიციაში ელოდებიან მშობლები. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ტრანსპორტირებისას ჩაერთოს პოლიცია და გოგონას გადმოყვანა მოხდეს პოლიციის დახმარებით ან მიიყვანონ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში და იქ მოხდეს მისი გამოკითხვა, ცხადია, ფსიქოლოგის თანდასწრებით", - აცხადებს ადვოკატი.
საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ ფაქტის შესახებ ფეისბუქზე საჯარო პოსტი დღეს გამოაქვეყნა.
"გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: "რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო." სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას. ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ! არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!", - წერდა ბაია პატარაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.