21 წლის ნინჩოსა და 28 წლის ილიას სიყვარულის საწყისი სპორტი აღმოჩნდა. ახალგაზრდა წყვილის ისტორია რუსთავის სატრენაჟორო დარბაზიდან იწყება და ალბათ არც გაგიკვირდებათ, რომ გაგრძელებასაც სწორედ საწყის წერტილში, ფიტნესში პოულობს.
რუსთაველი წყვლის ურთიერთობის შენებაში გადამწყვეტი საერთო ინტერესები - ანუ ვარჯიში აღმოჩნდა. ნინჩო და ილია ფიქრობენ, რომ სწორედ ცხოვრების ჯანსაღმა წესმა, მათი ურთიერთობაც განსაკუთრებულად ჯანსაღი გახადა.
წყვილისთვის საერთო სივრცე არც მოჭარბებული ეჭვიანობის და არც რაიმე დისკომფორტის საბაბი არ ხდება, პირიქით, ისინი თვლიან, რომ ერთმანეთი სწორედ ფიტნესით აღმოაჩინეს და საერთო სფეროც მათი ურთიერთობის სიმტკიცის გარანტიაა.
ნინჩო და ილია წლებია, რაც ფიტნეს ინსტრუქტაჟით არიან დაკავებული, ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა კი უკვე 2 წელია აქვთ.
"ერთმანეთი ჯანსაღ გარემოში გავიცანით. საერთო პროფესიამ, საერთო ინტერესებმა და მიზნებმა დიდი წვილი შეიტანა ჩვენი ურთიერთობის განვითარებაში. Ჩვენი საერთო საქმიანობა ჯანსაღი ცხოვრების წესია, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ სასურველი მიზნის მიღწევაში, ეს ეხება არა მხოლოდ ფორმების შეცვალს და ფიზიკური კონდიციების ამაღლებას, არამედ გათავისუფლებას ფსიქოლოგიური ზეწოლისგან და კომპლექსებისგან. საერთო საქმეს არანაირი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია ჩვენს ურთიერთობაზე, პირიქით, ამით მეტად ვავსებთ ერთმანეთს", - უყვება "ინფო რუსთავს" ილია გამყრელიძე.
"ფიტნესი ჩვენს პირად ურთიერთობაზე საოცრად დადებით გავლენას ახდენს. ერთმანეთი სწორედ ამ სივრცეში გავიცანით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არაა ჩვენთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო, ჩვენი ცხოვრების წესია და საერთო ცხოვრების წესზე უკეთესი ურთიერთობაში მგონია, რომ არაფერია", - აცხადებს ნინჩო მელიქიძე.
რუსთაველმა ფიტნეს წყვილმა, რომელსაც შესაძლოა ფართო საზოგადოება არ იცნობს, სპორტულ კარიერაში არაერთ წარმატებას მიაღწია და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეცვალა უამრავი რუსთაველის და არამხოლოდ რუსთაველის ცხოვრება. ნინჩო მელიქიძე და ილია გამყრელიძე თანაქალაქელებს წლებია სხეულის სრულყოფასა და საოცნებო შედეგების მიღწევაში ეხმარებიან.