გამოფენა-გაყიდვა რუსთავში [photo]

2020-08-08 22:32:55

რუსთავში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში ახალგაზრდა რუსთაველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ღია ცის ქვეშ ნიკა ძამიაშვილის 50-მდე ნახატი გამოეფინა.

"ამ ნამუშევრებში დევს მთელი ჩემი სული, აზროვნება და ფსიქიკა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრება არის გადმოტანილი ტილოზე”, - აცხადებს ახალგაზრდა მხატვარი.

ნიკა ძამიაშვილის თქმით, ნამუშევრების ინსპირაციის წყარო ხშირ შემთხვევაში მის მიერვე შექმნილი ლექსები ხდება, ზოგჯერ კი, ნახატებიდან გამომდინარეც ქმნის ლექსებს.

ერთ-ერთ ტილოზე, რომელიც ღია საგამოფენო სივრცეში შევნიშნეთ, ასეთ წარწერას ნახავთ: “მარტოდ ხეტიალის შემდეგ, ავედი სახლში, დავინახე შენი ფოტო და ცარიელი ოთახი გათბა”.

როგორც ნიკა ძამიაშვილმა “ინფო რუსთავს” უთხრა, ნამუშევრების ფასი 70 ლარიდან იწყება, თუმცა არსებობს რამდენიმე ნახატი, რომელსაც ვერანაირი საფასურის სანაცვლოდ ვერ შეელევა.