ყარაჯალარის მოსახლეობამ კიდევ ერთი აქცია გამართა

2020-08-06 22:25:32

ყარაჯალარის მოსახლეობამ სოფლის დაუყოვნებლივ გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მას შემდეგ, რაც სოფელი საკარანტინე ზონად გამოცხადდა, 2 კვირა გავიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხელისუფლება მათ წინა აქციაზე დაჰპირდა, რომ სოფელში საკარანტინე შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი სწორედ 2 კვირაში დაიწყებოდა, თუმცა უშედეგოდ.

ყარაჯალარის მოსახლეობა აქციის მიმდინარეობისას აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელი დღესვე არ გაიხსნებოდა, პოლიციას აღარ დაემორჩილებოდნენ და ხვალიდან მათი მხრიდან თავისუფალი გადაადგილება დაიწყებოდა, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მოლაპარაკება შეძლეს.

როგორც გარდაბნის მერმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ხელისუფლების პირობის თანახმად, შაბათ-კვირას ყარაჯალარში მცხოვრებლებს განმეორებითი ტესტირებები ჩაუტარდებათ და ამის შემდგომ დაიწყება საუბარი საკარანტინე შეზღუდვების მოხსნაზე.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების დიდ ნაწილს არ სჯერა სოფელში კორონავირუსის არსებობის, მეორე ნაწილი კი ყურადღებას შეზღუდვების გამო არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებს.

ადგილზე წესრიგის დაცვას საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები აკონტროლებდნენ.