ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

2020-08-07 00:26:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილმა, სავარაუდოდ,  "საკუთარ თავს მომავალში" ან შესაძლოა კონკრეტულ პირს წერილი მიწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გაუჩინარებამდე 1 დღით ადრე, 17 ივლისს,  თამარ ბაჩალიაშვილი საიტზე - "გაგზავნე წერილი მომავალში" (momavali.ge), 7-ჯერ იმყოფებოდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" აღნიშნულ ვებგვერდს ეწვია. საიტზე საჯარო წერილების გრაფაცაა გამოტანილი, რომელშიც 17 ივლისს დაწერილი მხოლოდ 1 წერილი იძებნება. აღნიშნული წერილი, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილს არ ეკუთვნის.

"მომავალი.მე"-ს აღწერაში ვკითხულობთ:

"რა არის ეს?
ეს უფასო სერვისია, რომლითაც შეგიძლია საკუთარ თავს წერილი მიწერო მომავალში. გაგზავნილი წერილი შენ ელფოსტაზე მომავალში მოვა—იმ დროის შემდეგ, რომელსაც დაწერისას აირჩევ", - წერია აღწერაში.

გარდა ამისა, საიტზე შესვლისთანავე შეგხვდებათ კითხვა "რაში გამომადგება?", რაზეც ადმინისტრაცია გპასუხობთ: "რაშიც გაგიხარდება. შეგიძლია საკუთარ მომავალ თავს რჩევები მისცე, მოუყვე, რა ხდებოდა ერთი წლის უკან, მიწერო, როგორ ხედავ მას ხუთი წლის შემდეგ ან მოიფიქრო რამე უფრო საინტერესო".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახი შსს-ს მიერ გავრცელებული იმ ფოტომასალის ავთენტურობას, რომელიც, უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებს ასახავს, ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ხელოვნურად შექმნილია.

გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო, თამარს, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, წერილი მართლაც დაეტოვებინა. თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, ის ეძებდა კიდეც საკუთარ საცხოვრებელ სახლში წერილს, თუმცა ვერაფერს მიაკვლია. მისი თქმით, თამარის დაკრძალვის დღეს, ოჯახის მეზობლებმა და ნათესავებმა ბაჩალიაშვილების სახლში უცხო პიროვნება შენიშნეს, რომელიც გარკვეულ ნივთებს ალაგებდა. თეონა თამაზაშვილის განცხადებით, დღემდე არავინ იცის, ვინ იყო ეს პირი და შესაძლოა, წერილი სწორედ მან გაანადგურა.