ბაჩალიაშვილის გადაადგილების ტრაექტორია

2020-06-30 11:40:49

“ინფო რუსთავს” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების დღეს, საღამოს საათებში, სოფელ მაწევანში იმყოფებოდა, ადგილორბივებმა დაუდასტურეს. გოგონა, რომელსაც ავტომობილის მინები ამოწეული ჰქონდა და რაღაცას დაჟინებით ეძებდა, როგორც გოლთეთში, ისე მაწევანშიც არაერთმა ადამიანმა შენიშნა.

თუ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრებს დავუჯერებთ, მას შემდეგ, რაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე, ხაიშში, კამერამ დააფიქსირა, მან ცენტრალურ მაგისტრალზე სვლა განაგრძო და დაახლოებით დღის 12 საათისკენ, გზიდან მარჯვნივ, სოფელ გოლთეთში გადაუხვია. შემდეგ კი, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, გოლთეთის გვერდითა სოფელში, მაწევანში იმყოფებოდა.

სოფლები ერთმანეთთან 5-7 წუთის სავალზე მდებარეობს, სად გაატარა გოგონამ რამდენიმე საათი და საიდან აღმოჩნდა ის მაწევანში - ახლა ყველაზე საინტერესო სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა.

საინტერესო გარემოებაა ის ფაქტიც, რომ როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, გოგონა გოლთეთიდან მაწევანში ავტომობილით გადასვლას ვერ შეძლებდა, მას სოფელი უნდა დაეტოვებინა და ან ისევ მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე დაბრუნებულიყო, ან ასულიყო ზედა, ასურეთი-თეთრიწყაროს მაგისტრალზე, სადაც მას სათვალთვალი კამერა აუცილებლად დააფიქსირებდა და საიდანაც შემდეგ მაწევანში მოხვედრას შეძლებდა.

თუ გოგონა გოლთეთს მარნეულის გზიდან დატოვებდა, ის მაწევანში ქვედა მხრიდან უნდა შესულიყო, თუმცა როგორც მაწევნის მცხოვრებლები გვიყვებიან, გოგონა დაინახეს, როცა ზევიდან ქვევით, ანუ ასურეთი-თეთრიწყაროს გზიდან მარნეული-თეთრიწყაროს გზის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მაშასადამე, ჩნდება ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბაჩალიაშვლი მაწევანში ზედა გზიდან შესულიყო , სადაც ის კამერას უნდა დაეფიქსირებინა.

ამოღებულია თუ არა აღნიშნული ჩანაწერები გამოძიების მიერ, ჯერჯერობით უცნობია.