"ეს არის ყველაფერი სისულელე და მოგონილი. მე არაფერი მაგდაგვარი არ მითქვამს. ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ეს სისულელე რატომ უნდა ეთქვა ჭკვიან და ნორმალურ ადამიანს, რომ თქვენი შვილი "შარშია". კონტაქტი მე გარდაცვლილის დედასთანაც მქონდა და ყველასთანაც, იმიტომ რომ ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა", - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილმა.
ბაჭულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ცოტა ხნის წინ დატოვა.
ინსპექციაში ის მას შემდეგ დაიბარეს, რაც 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, რომ გამომძიებელი, რომელმაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ ის პრობლემებში იყო, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილია.