“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კონფლიქტი კომპანია "ზეგ"-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონფერენციაზე წასვლასთან დაკავშირებით დაიწყო. [ვიდეო/video]
წყარო საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ ბაჩალიაშვილი თავდაპირველად იმ თანამშრომელთა სიაში იყო, რომლებიც ამერიკაში უნდა წასულიყვნენ, თუმცა, მოგვიანებით, ვითარება შეიცვალა.
“ზეგ”-ის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა “ინფო რუსთავთან ” ბაჩალიაშვილის ამერიკაში ვიზიტთან რაიმე კავშირში ყოფნა, თავდაპირველად უარყო, თუმცა მოგვიანებით მან თქვა, რომ 23 წლის გოგონას კონფერენციაში მონაწილეობაზე საუბარი, კომპანიაში ნამდვილად იყო.
"წელიწადში ერთხელ ეწყობა ხოლმე ამერიკაში კონფერენცია, სადაც რამდენიმე თანამშრომელი მიდის. ამ სიაში თამარი არ იყო. თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. თვითონ თამარს უნდოდა ინგლისში წასვლა, რომელსაც დააფინანსებდა ეს კომპანია. ხელმძღვანელობამ მას ჰკითხა, სია იგზავნება ამერიკაში და რომელია შენთვის უპირატესი, ინგლისი თუ ამერიკა, რაზეც პასუხი იყო, რომ ჩემთვის უპირატესი ინგლისია. ამერიკაში გადაიგზავანა დაფინანსების მოთხოვნა, სადაც განუცხადეს, რომ ბიუჯეტი არ იყო საკმარისი”, - განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.
კითხვაზე "დარჩა თუ არა ბაჩალიაშვილი როგორც ინგლისის, ისე ამერიკის გარეშე", ქეთი მირიანაშვილი გვპასუხობს, რომ: "ამის შემდეგ მისი მხრიდანაც არ ყოფილა ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით არაფერი გაჟღერებული".
“ზეგ”-ის ადვოკატი “ინფო რუსთავის” კითხვას, იყო თუ არა ბაჩალიაშვილისთვის აღნიშნული სამსახური მაღალშემოსავლიანი და დაახლოებით რამდენი ლარს შედაგენდა 23 წლის გოგონას ხელფასი, პასუხობს, რომ ბაჩალიაშვილს თვიური შემოსავალი "ზეგ"-იდან 5 000 ლარი ჰქონდა.
ასევე, “ინფო რუსთავი” დაინტერესდა, სამსახურიდან წასვლის შესახებ ბაჩალიაშვილის მიმოწერით ერთ-ერთ ხელმძღვანელთან.ქეთი მირიანაშვილის თქმით, შეტყობინებაში “არ შემიძლია”, თამარი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მას კომპანიის დირექტორისთვის, თამარ კობერიძისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია.
ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი, 23 წლის გოგონას გარდაცვალებასთან “ზეგ”-ის კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, ის კომპანიის სახელით, თვითმკვლელობის ვერსიასაც გამორიცხავს.