გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკითხული მოწმისა და დაზარალებულის ვახტანგ ახვლედიანის ბოლო ჩვენებიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს ხიდის ბოლომდე სამმა პირმა სდია, რომელთა შორისაც ერთი ვახტან ჩიქოვანი იყო, ხოლო ორი არასრულწლოვანი. ჩვენებიდან ირკვევა, რომ მდევრბები გიორგი შაქარაშვილს, ვახტანგ ახვლედიანსა და გური ამირხანაშვილს გინებით მისდევდნენ და ახვლედიანის ბუჩქებში დამალსვის შემდეგ მათ გიორგი შაქარაშვილს სდიეს.
რაც შეეხება რაგიბსტებს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ისინი მას, გიორგისა და გურის არ გაკიდებიან და რაგბისტების ამოცნობა ახვლედიანმა ტელევიზიის საშუალებით შეძლო.
აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ და ოჯახის ინტერესების დამცველმა, მირიან ნიკოლაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებების მიხედვით შაქარაშვილის საქმეში გაურკვეველი არაფერი რჩება და იკვეთება, რომ გიორგის სამი ბიჭი მისდევდა, ხოლო ორი რაგბისტი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, მას მეორე მხრიდან დახვდნენ და 19 წლის ფეხბურთელი ალყაში მოაქციეს.
„ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც სახალხოდ არ ლანძღავდა ზოგიერთებივით ამ მოწმეებს. პირიქით, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეეწყოთ გამოძიებისთვის და დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, განხორციელდა. ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებების ურთიერთთანხვედრით არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს. აქ უკვე გამოიკვეთა სურათი, თუ რა მოხდა რეალურად, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მტკიცებულებების დონეზე ეს აქამდე არ იყო განხორციელებული. კერძოდ ეს არის ის ფაქტი, რომ გიორგის და მასთან თანმხლებ პირებს დაედევნენ „ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული პირები, აქედან 3 მათგანი გადმოყვათ ხიდზე და გადმოკვეთეს მაგისტრალი, ხოლო 2-მა მათგანმა ჩაუხვია იმავე მხრიდან მდინარე არაგვის ხიდების მიმართულებით ქვემოთ, სადაც ხიდის ბურჯებია განთავსებული და როდესაც გიორგიმ ჩაირბინა, მას წინ დახვდნენ იქითა მხრიდან ჩამოსული 2 პირი, მოაქციეს ალყაში და ბავშვი იძულებული იყო გაქცეულიყო უკვე არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. შესაბამისად ეს მხეცები, არაადამიანები ჩაყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ბავშვს და ჩაახრჩვეს მდინარეში. აი ეს არის რეალობა, რომელიც უკვე მტკიცებულებებით არის დადასტურებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვა და კიდევ სხვა დასკვნები შემოვა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დავაფიქსირებთ ამ ხალხის განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ვახტანგ ახვლედიანმა ჩვენება სამჯერ შეცვალა და ამბობს, რომ პირველი ჩვენების დროს ის უძილო და ნაცემი იყო, ხოლო მეორე გამოკითხვისას ძალზე აღელვებული, ვინაიდან ახალი გამოვლენილი იყო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი.