მკვლელობა თუ თვითმკვლელობა [ექსკლუზიური ფოტო]

2020-07-22 23:55:31

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა.

ახალგაზრდა პროგრამისტის საქმე არაერთ კითხვას ბადებს. გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით უკვე გავრცელდა სხვადასხვა ვერსია. ჯერ კიდევ გარდაცვლილი გოგონას პოვნამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა ფინიჭალაში საავტომობილო გზა გადაკეტეს - მიზეზი გამოძიებისადმი უნდობლობა გახდა.

ვერსია ბევრია, თუმცა ოჯახი ერთადერთს - თვითმკვლელობას გამორიცხავს. როგორც გარდაცვლილი გოგონას მამა აცხადებს, თამარს ოჯახთან პრობლემები არასდროს ჰქონია, ჟურნალისტებთან იგივეს ჰყვებიან ოჯახის ახლობლებიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა კონკრეტულ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, გოგონა მოტყუებით წაიყვანეს სახლიდან და მოკლეს. მამა მომხდარს თამარის სამსახურს უკავშირებს და ამბობს, რომ შესაძლოა ახალგაზრდა პროგრამისტი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და მისი მოკვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

23 წლის გოგონა საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელში, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს. მას თან აღმოაჩნდა ცარიელი წამლების შეკვრა. პრეპარატების რა ნაირგვარობასთან გვაქვს საქმე, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ასევე ოჯახის ახლობლის თქმით, ესაა წნევის წამლები, რომელსაც ბაჩალიაშვილი ბოლო პერიოდში ხშირად მოიხმარდა. ასევე, გარდაცვლილი ახალგაზრდას მანქანაში აღმოჩენილია წერილებიც. ოჯახის ადვოკატის თქმით, ესაა ყოველდღიური ჩანაწერები და თვითმკვლელობის წინ დატოვებულ ანდერძის ტიპის წერილთან მას საერთო არაფერი აქვს.

საინტერესოა, "ინფო რუსთავის" მიერ აერო გადაღების კამერით დაფიქსირებული ფოტო მასალაც. თქვენ სურათზე ხედავთ, რომ ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილი გოგონა ნახეს, შემთხვევის ადგილზე ცენტრალური გზიდან არ შესულა. გარდა ამისა, გოგონა 5 დღეა რაც დაკარგულია და ავტომობილის კვალი შემთხვევის ადგილიდან ჯერ კიდევ არ გამქრალა.