10 ინფიცირების შემთხვევა გაჩიანის კლასტერიდან მოდის

2020-07-22 13:46:23

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ გარდაბნის სოფლებში კორონავირუსის ტესტირებაზე მოსახლეობის დამყოლობა არ იქნება, შესაძლოა, რომ ეს სოფლები ჩაიკეტოს. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საუბარია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლებაზე, რომელშიც სამი სოფელი: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია შედის.

მისივე ინფორმაციით, ამ დასახლებაში ჯამში 34 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც გამყრელიძე ამბობს, დღევანდელი 24 ახალი შემთხვევიდან, 10 ინფიცირების შემთხვევა გაჩიანის კლასტერიდან მოდის.

"სამწუხაროდ, მოსახლეობაში ცუდი დამყოლობაა კვლევებზე, გუშინ დავიწყეთ გაფართოებული კვლევები. ამ სამ სოფელში სულ 7 000 ადამიანი ცხოვრობს და გვინდოდა ამ კვირაში ეს მოსახლეობა სრულად გამოგვეკვლია, რათა ინფექციის გატანის რისკი შეგვემცირებინა. სამწუხაროდ, მოსახლეობიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. მიუხედავად იმის, რომ გუშინ ჩვენი 6 ბრიგადა მუშაობდა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-დან 1000-მდე ნიმუშია", — განაცხადა გამყრელიძემ.