რუსთავში განახლებული კოსტავას ქუჩა გაიხსნა [photo]

2020-07-21 23:20:05

ძველ რუსთავში კოსტავას განახლებული ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი,  ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ველო რბოლა, რომელშიც სხვადასხვ ასაკის რუსთაველმა ველომოყვარულებმა მიიღეს მონაწილეობა.

ველო რბოლის დასრულების შემდეგ კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრები ქალაქის მერმა, მხარის რწმუნებულმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გადასცეს.

ქუჩის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში, რუსთაველმა მუსიკოსებმა რამდენიმე მუსიკალურ კომპოზიციას შეასრულეს, მოეწყო ძველი რუსთავის ფოტოების გამოფენაც.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად.

მეორე პროექტით კი, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი.

შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე. ,,ჯი აი ზეტ''-თან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით მოწყობილია ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

საერთო ჯამში ქუჩის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები