სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 23 მაისს განახლდა და 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, რუსთავიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 111 ახალგაზრდა გაიწვიეს.
2 წვევამდელი ალტერნატიულ შრომით საქმიანობას შეუდგა. ასევე, რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო სამხედრო სამსახურისგან 10 პირი გათავისუფლდა.
როგორც მიხეილ თათარაძემ აღნიშნა, რელიგიური ნიშნით გათავისუფლებული 10 წვევამდელი, ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრია.
შეგახსენებთ, ბიბლიური თავისუფლება პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც პარტიამ ჯარში წასვლის სურვილის არ მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნა. "ბიბლიური თავისუფლება" სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ.
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.
საშემოდგომო გაწვევები სავალდებულო სამხედრო სამსახურში აგვისტოს თვეში დაიწყება.