რუსთავის მერიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები" თანამშრომლობის მემორანდუმი გაააფორმეს.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება გარემოსდაცვითი ღონისძიებების ერთობლივი გატარება, გარემოს დაბინძურებისა და რისკების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელება, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, ასევე მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის მონიტორინგი და მისი სრულყოფაა.
"ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თვითმართველ ქალაქ რუსთავსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან ბევრი ღონისძიება ერთობლივი განხორციელებისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პირველრიგში ქალაქის სისუფთავეზე, ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და ყველა იმ საკითხებზე, რომელიც საჭირბოროტოა თვითონ მოსახლეობისთვის პირველრიგში.
მემორანდუმი არის საწყისი იმისა, რომ უნდა ითანამშრომლოს არამარტო მუნიციპალიტეტემა და მესამე სექტორმა, არამედ, ჩვენ ვთვლით, რომ აქვე იქნება ჩართული რუსთავის მთელი სამრეწველო პოტენციალი და ინტერესი იქნება ყველასი, მათ შორის საწარმოების.
ვგეგმავთ, საკმაოდ საინტერესო ღონისძიებების განხორციელებას ერთობლიობაში, როგორც ნარჩენების მართვის ,ასევე წყლის მართვის საკითხებზე, ასევე ნიადაგის დაცვისა და, რა თქმა უნდა, რუსთავის გამწვანების და გაძლიერების კუთხით",- განაცხადა მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს მონიტორინგს, თუ როგორ სრულდება მუნიციპალიტეტების მხრიდან ნარჩენების მართვის გეგმები.
შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ქალაქის მერმა ისაუბრეს კონკრეტულად რა სახის აქტივობები უნდა განახორციელონ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.
მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ, მოაწერეს.