ფრენები გერმანიის მიმართულებით

2020-06-17 13:40:18

აგვისტოს თვეში გერმანიაში მხოლოდ ავიაკომპანია Lufthansa იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო მიუნხენი-თბილისის მიმართულებით - ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე უკვე დაიდო. ორმხრივი ბილეთის ფასი მინიმალური ფასი აგვისტოს პირველ ორ კვირაში 5 000 ლარს აჭარბებს, ხოლო თუ უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგვისტოს მეორე ნახევარში იყიდით, ჯამში, ყველაზე ცოტა 4000 ლარის გადახდა მოგიწევთ.

სავარაუდოდ ასეთივე მაღალი ფასი იქნება თბილისი-პარიზი-თბილისის და თბილისი-რიგა-თბილისის ბილეთებზეც. მთავრობა ფრენის უფლებას და ისიც შეზღუდული რაოდენობით, ამ შემთხვევაში მხოლოდ Air France-ს და Air Baltic-ს აძლევს - კვირაში ორჯერ და ერთხელ სიხშირით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ხუთ ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა კარანტინის გარეშე შეეძლებათ. თუმცა, იმავე ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება.