რუსთაველი აქტივისტები დააჯარიმეს

2020-07-16 15:18:12

მშრომელთა სოლიდარობის კავშირის აქტივისტები დააჯარიმეს.

აქტივისტებმა თბილისში ჯერ პარლამენტის შენობის შესასვლელთან, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან სტიკერები წარწერით "გავიგუდეთ" გააკრეს, რის გამოც 4 ადამიანს ათას-ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას მშრომელთა სოლიდარობის კავშირი აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, კანცელარიასთან სტიკერების გაკვრის დროს ისინი დაცვის პოლიციამ გააჩერა, რის შემდეგაც უკვე თბილისის ზედამხედველობის ინსპექცია გამოიძახეს, რომლებმაც აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, ფასადის იერსახის დამახინჯებისთვის დააჯარიმეს.

"ჩვენ გამოგვეწერა ჯარიმა, იმიტო, რომ სახელმწიფო ფასადზე მივაკარით სტიკერები. ჩვენ ოქმზე არ მოგვიწერია ხელი და  დავაფიქსირეთ ოქმზევე, რომ ეს არ იყო ფასადის დაზიანება, რადგან მოხსნის შემდეგაც არ დაზიანებულა ის. ვიდეოშიცაა აღნიშნული, თუ როგორ ეკრობა და ეძრობა სტიკერი დაუზიანებლად, აქედან გამომდინარე ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში აღნიშნულ ჯარიმას",- განუცხადა ინფო რუსთავს მშრომელთა სოლიდარობის კავშირი აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველი ეკოაქტივისტები იმ კანონპროექტის პაკეტის განხილვის გადადებას აპროტესტებენ, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასა და  ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებდა.

აღნინშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით რუსთავში 18 ივნისს 19:00 საათზე მერიის წინ აქციაცა გაიმართება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები