რუსთავში 250-მდე ოჯახი ბინის დაკანონებას ითხოვს

2020-07-14 16:05:30

"ადამიანები წლებია ცხოვრობენ ამ სახლებში და ელოდებიან სახელმწიფოს მხრიდან ერთ განკარგულებას, რომ საცხოვრებელი ფართები გადაცეთ საკუთრებაში",- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით კირკიტაძემ მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად ვადა ოქტომრამდე მისცა. მისივე თქმით თუ ხელისუფლება მოსახლეობის თხოვნას, ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ პრობლემას დაახლოებით ერთ თვეში, თავად მოაგვარებს.

"ორი წლის წინ ჩვენ ეკონომიკის მინისტრს გავუგზავნეთ წერილი თხოვნით, აღვუწერეთ 250-მდე ოჯახი, რომელიც ამ მდგომარეობაშია და მათი მხრიდან პასუხი იყო ნოლი. მე მინდა შევპირდე იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია ამ უუნარო ხელისუფლებას ელოდება, მე ვაიძულებ მთავრობას, რომ ოქტომბრამდე ეს სახლები მათ საკუთრებაში გადავიდეს. თუ ესენი ოქტომბრამდე ამას ვერ მოახერხებენ ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 თვის ვადაში, საჯაროდ ვდებ პირობას, რომ აღნიშნულ სახლებს დავუკანონებთ, ასევე მივეხმარებით, რომ გაიუმჯობესონ ყოფითი პირობები",- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"29 წელია ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე ვცხოვრობ. რამდენჯერმე მივმართე ადგილობრივ მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს, ბინის დაკანონების მოთხოვნით, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა",-აცხადებს მანანა ჩიტაძე.

როგორც სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ინფო რუსთავს განუცხადეს, პრობლემის მოგვარების მიზნით მათ რუსთავის მუნიციპალიტეტსაც მიმართეს და ადგილობრივ მთავრობას საკითხით დაინტერესება სთხოვეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არცერთ უწყებას არ მოუხდენია.