აქცია რუსთავის საწარმოებთან

2020-07-10 11:31:21

რუსთავში, საწარმო “ჯეოსთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინცინდენტი მოხდა.

რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა საწარმოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს და “ჯეოსთილში” მომუშავე სატვირთო მანქანებს გადაადგილება შეუზღუდეს.

ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის გარკვეულ კამათს ჰქონდა ადგილი. აქტივისტები თავდაპირველად გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, თუმცა საბოლოოდ, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეთანხმება შედგა.

რუსთაველი ეკოაქტივისტების პროსტესტის მიზეზი იმ კანონპროექტის პაკეტის განხილვის გადადება გახდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის სანქციების გაცემის კუთხით ცვლილებებს ითვალისწინებს.

სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ” და გარემოს დაცვის სამინისტრო კანონპროექტზე ერთობლივად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშოაბდა. როგორც “გავიგუდეთ”-ს ლიდერმა ნიკოლოზ მუსერიძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, უწყებისგან მათ ჰქონდათ პირობა, რომ ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მოახდენდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ განხილვა საშემოდგომო სესიამდე გადაიდო.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, ასევე აქტივისტების თქმით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა კანონპროექტი საერთოდ ჩავარდეს.

ეკოაქტივისტები თავდაპირველად მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდგომ კი საწარმო “ჯეოსთილთან” გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები დეპუტატების დაჩქარებული წესით შეკრებასა და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ და ინტენსიურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.