რუსთავში არსებული სასაკლაო დაჯარიმდა

2020-06-09 15:50:36

ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩაზე მოწყობილი ცხოველების სასაკლაო 500 ლარით დაჯარიმდა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის მიწერილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ტერიტორიაზე ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებას ჰქონდა ადგილი.

"მიმდინარე წლის 26 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 153-ზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. რუსთავში გრანელის N2-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაო შემოწმდა.

თანამშრომლების მიერ დათვალიერდა ტერიტორია, დაიწყო საქმისწარმოება და ნარჩენების განთავსების ადგილას აღებულ იქნა GPS კოორდინატები ტერიტორიის საკუთრების დადგენის მიზნით.

ცხოველთა სასაკლაოს მიმართ შედგა ოქმი, ნარჩენების მართვის კოდექსის 34 მუხლის პირველი ნაწილით. ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით", - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რუსთავში სასაკლაოს ფუნქციონირების შედეგად გამოწვეულ ანტისანიტარიასა და მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.