ავარიაში მოყოლილი მოტოციკლისტი გამოჯანმრთელდა

2020-07-09 14:34:20

მეგობრობის გამზირზე 5 ივნის მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავებული 21 წლის ბიჭი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ, განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდას საავამყოფოში შეყვანისას თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია გაუკეთდა.

"გარდა იმისა, რომ ზოგადი დაჟეჟილობები და სხვა ტრავმები იყო, ყველაზე მთავარი იყო, რომ ჩაფხუტი იყო ნამსხვერევებად ქცეული. ჰქონდა თავის ტვინის უმძიმესი დაჟეჟილობა, დაზიანება, სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ. რის გამოც გაუკეთდა ოპერაცია, ტრეპანაცია. მოხდა სისხლჩაქცევის ევაკუაცია.

33 დღე გაატარა ჩვენთან საავადმყოფოში. აქედან სამი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იწვა. მერე განყოფილებაში და გუშინ უკვე ავადმყოფი, რომელსაც არც ვფიქრობდით, რომ გადარჩებოდა, ფეხზე დადგა",- განუცხადა ინფო რუსთავს პაპუნა ბახტაძემ.

ბიჭი ამ დროისთვის საავადმყოფოდან გაწერილია და სახლში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ავარია რუსთავში 5 ივნის მეგობრობის გამზირზე მოხდა. "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა გზა, გადასასვლელეზე ქვეითს დაუთმო.

მოულოდნელად უკნიდან მომავალმა მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა გვერდიდან, შემდეგ კი ინერციით იმ ქალს დაეჯახა რომელიც გადასასვლელზე გადადიოდა.