იქნება თუ არა მე-4 სკოლის დირექტორი ისევ მამუკა ხამხაძე

2020-07-17 00:03:59

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპროსტის სამინისტრო შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსს გამოაცხადებს.

რუსთაველების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, იქნება თუ არა რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლის დირექტორი ახალი სასწავლო წლიდან იგივე სკოლის ხელმძღვანელის პოზიციაზე. საუბარია მამუკა ხამხაძეზე, რომელსაც კანონმდებლობის მიხდევით, მესამე ვადით მე-4 საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება არ აქვს. ხამხაძე უკვე 13 წელია, რაც ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ხელმძღვანელობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ხამხაძეს დაუკავშირდა. მე-4 სკოლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გვიდასტურებს, რომ კანონმდებლობა 3 ვადით ერთიდაიგივე სკოლის დირექტორის პოზიციაზე კონკრეტული პირის ყოფნას არ ითვალისწინებს, თუმცა მისი განცხადებით, წესი გადასახედია და იმედოვნებს, რომ ასეც მოხდება.

"27 წლიანი პედაგოგიური და 13 წლიანი მენეჯერული გამოცდილების გადასახედიდან მიმაჩნია, რომ  სკოლის დირექტორობა სულაც არაა მომხიბვლელი პოზიცია ან თვითმიზანი. სკოლის ხელმძღვანელი მნიშვნელოვანი ადამიანია, რადგან ურთულესი სახელმწიფოებრივი საქმე აბარია და მას მხარდაჭერა სჭირდება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც ახალი კადრების მომზადებაზე, ისე მასწავლებლისა და დირექტორის მოტივაციაზეც. ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე მისაღები ადგილი ხელმძღვანელის რანგში მე-4 სკოლაშია, არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესი ვარ ან ჩემზე მჯობი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესად ვიცი ამ სკოლის საჭიროებები და გამოწვევების დაკმაყოფილების გზები. ასევეა ჩემი არაერთი კოლეგაც. გასათვალისწინებელია სასკოლო საზოგადოებების დამოკიდებულებაც საკითხისადმი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მიდგომა საჯარო სკოლის დირექტორის ვადებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს. დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს, ეს ასეც მოხდება", - აცხადებს მამუკა ხამხაძე.

ხამხაძემ "ინფო რუსთავთან" ვრცელი  კომენტარი გააკეთა და საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ  რეგულაცია, რომელიც პირს სკოლის დირექტორად მუშაობას იმავე სკოლაში ზედიზედ ორჯერ არჩევა/დანიშვნის შემთხვევაში უზღუდავს, საჯარო სკოლების ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე გამართლებული ნაბიჯი იყო, დღევანდელი გადასახედიდან კი ჩვენი სინამდვილისათვის შეუფერებელი ანაქრონიზმია. დღეს, როცა ჩვენს ქვეყანაში განათლება პრიორიტეტადაა გამოცხადებული, როცა უამრავი თანხა იდება განათლების განვითარებასა და დირექტორების გადამზადებაში, როცა აქცენტი კეთდება სკოლის ავტონომიასა და დირექტორის, როგორც  საგანმანათლებლო ლიდერის წარმოჩენაზე, არაფრისმომცემი იქნება ადამიანების მექანიკური გადაადგილება მათი  შესაძლებლობების, მოტივაციისა და სასკოლო კონტექსტის გაუთვალისწინებლად. ასეთ პრაქტიკას არ იცნობს დასავლეთის მოწინავე განათლების სისტემების უმეტესობა. ამასთან, მოქმედი დირექტორების შემთხვევაში ორვადიანობის საკითხი საკამათოა და სამართლებრივად არაერთ კითხვის ნიშანს შეიცავს.

რა თქმა უნდა, სკოლის მენეჯმენტისა და კადრების გადახალისება სისტემის განვითარების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არასაკმარისი. მხოლოდ დირექტორების პერსონების მექანიკური გადაადგილება განათლების შედეგიანობის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან წარმატების მიღწევას განათლებაში ხანგრძლივი დრო და გარკვეული პირობები ჭირდება. მენეჯმენტისა და სასკოლო ლიდერობის დაგროვილი გამოცდილება დასაფასებელი და გასაფრთხილებელია.    

დღეს სასკოლო სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის დირექტორის შეცვლა სულაც არ არის მთავარი ამოცანა.  სადღეისო ამოცანად უფრო მიმაჩნია სკოლაში მოვიზიდოთ და იმავდროულად დავამაგროთ მოტივირებული და გამოცდილი კადრები, ლიდერები და არა ინდუსტრიული მუშაკები, შევქმნათ სკოლების განვითარების მეტი თავისუფალი ალტერნატივა. ვფიქრობ, არსებული კადრების ეფექტურად გადანაწილება განათლების სისტემაში სახელმწიფო ინტერესია. ამისათვის სასურველად მიმაჩნია მოქმედი დირექტორებისა და შესაბამისად სკოლების საქმიანობის დიფერენცირებული შეფასება გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაზეც განათლების მესვეურებში უკვე არაერთი წელია  არის სამზადისი", - აცხადებს ხამხაძე.