"სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის სახელით შეგვპირდა, რომ 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასები არ გაიზრდებოდა. ფასები ამ პროდუქტებზე კატასტროფულად გაზრდილია "მადაგონში" და მე ამის დამადასტურებელი ქვითრები მაქვს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ განუცხადა. [ვიდეო/video]
კირკიტაძე ფაქტს მთავრობის მხრიდან კომპანიის ლობირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ კომპანია "მადაგონმა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია საკმაოდ სოლიდური თანხით დააფინანასა.
"მადაგონი ასე ცნობილია ჩვენს ქალაქში, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს კომპანია არის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსთავული შემომწირველი. რუსთაველებმა გადაწყვიტონ, სურდათ რომ ჰყოლოდათ ასეთი პრეზიდენტი თუ არა. ამ კომპანიამ საკუთარი ჯიბიდან ამოღებული თანხა არ გადაურიცხა სალომე ზურაბიშვილს. ეს თანხა რუსთველების ჯიბიდანაა ამოღებული", - აცხადებს დავით კირკიტაძე.
უშუალოდ ზურაბიშვილის კამპანიისთვის გადარიცხული თანხა კომპანიას არ უფიქსირდება, თუმცა როგორც "ინფო რუსთავმა" გადაამოწმა, იური ბედინეიშვილმა (რომელიც არის მადაგონის დამფუძნებელი) "ქართული ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 60 000 ლარი შესწირა.
აღნიშნული ფაქტის ფასების მატებასთან კავშირს უარყოფს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ანა ბედინეიშვილი და აცხადებს, რომ "მადაგონში" ფასები არც თვითნებურად გაზრდილა და არც ხელისუფლებას უპატიებია კომპანიისთვის რაიმე.
ბედინეიშვილი კირკიტაძეს პასუხობს, რომ ძაღლის თავს "მადაგონში" ტყუილად ეძებს.
"მადაგონი უკვე 12 წელია ბაზარზეა და არასდროს არ გადაულახავს ზღვარი პოლიტიკას, ეკონომიკასა და კანონს შორის. ყოველთვის ვიცავდით კანონიერად ყველაფერს და ამ შემთხვევაში არ ეძებთ ბატონო დავით სწორად ძაღლის თავს. ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას ვითვალისწინებთ, ფასები არაფერზე თვითნებურად არ გაგვიზრდია და სახელმწიფოს არაფერი არ უპატიებია. ეს მიუღებელია კიდევაც და თუ ვინმეს რამე აპატია, ამის ძიება გააგრძელეთ", - აცხადებს ანა ბედინეიშვილი.