რომელ ქვეყნებს უხსნის საქართველო საზღვარს

2020-07-08 11:13:17

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, ლატვიას, ლიტვას, საფრანგეთსა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის. ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტით მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ ჩამოსვლა.

ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.