სექსუალური შევიწროების ფაქტი რუსთავში

2020-07-12 00:22:38

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა სექსუალურად შეავიწროვა.

როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

ახალგაზრდა ქალმა საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის დაცვა სთხოვა და უამბო, რომ 30 წლამდე მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქცევა განახორციელა, რაც გოგონასთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

"მოვაჭრისკენ ვიდექი, დახლზე დალაგებულ ფეხსაცმელს ვათვალიერებდი, როდესაც უკანალზე ხელი ვიგრძენი. როგორც კი დავუყვირე, მაშინვე ფეხს აუჩქარა, მეორედ დავუყვირე აქ მოდი მეთქი და გაიქცა. რადგან მაღლები მეცვა, ვიცოდი ვერ დავეწეოდი. დაახლოებით 30 წლამდე იქნებოდა, როგორც იქ მოვაჭრეებმა მითხრეს, არაერთი შემთხვევა დაფიქისრებულა მსგავსი ამ მამაკაცის მხრიდან", - უყვება გოგონა "ინფო რუსთავს".

როგორც ახალგაზრდა ქალმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა მას სამართალდამცავი ორგანოსთვის არ მიუმართავს, რადგან მამაკაცის იდენტიფიცირებას ვერ შეძლებდა.

გოგონას თქმით, სურს რუსთაველებმა იცოდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ხშირად გადაადგილდება მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის ქცევას ახორციელებს.