პირველი გამოცდა დასრულდა

2020-07-06 14:48:44

პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე დასრულდა.

როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა "ინფო რუსთავთან" განაცახდა, წინა წლებთან შედარებით ტესტი გართულებული არ იყო, თუმცა აპლიკანტებს შედარებით ტექსტის რედაქტირების დავალება გაურთულდათ.

რაც შეეხება დროს, აბიტურიენტების სრულმა უმრავლესობამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ დრო დავალებების შესასრულებლად სრულიად საკმარისი იყო.

სპეციალურ რეკომენდაციებს დისკომფორტი არ შეუქმნია აბიტურიენტების იმ ნაწილისთვის, რომელთაც "ინფო რუსთავი" ესაუბრა. მათი თქმით, საგამოცდო სივრცეებში სიგრილე იყო და პირბადეებიც მათთვის ხელშემშლელი ფაქტორი არ გამხდარა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, პირველმა საგამოცდო დღემ რუსთავში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

"ერთი ბავშვი იყო ალერგიული და როგორც არის სტანდარტული პროცედურა, ჩამოვიდა ექიმთან, ნემსი გაუკეთდა და გააგრძელა მუშაობა. რაც შეეხება კონდიცირებას, სანამ აპლიკანტები შემოვლენ კონდინციონერი ჩართულია და ოთახი გრილდება, შემდეგ ითიშება და მხოლოდ აპლიკანტების მოთხოვნით შეიძლება ჩართვა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტები გაიკეთებენ პირბადეს", - განაცხადა ზვიად მურადაშვილმა.

დღეს რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 307 აპლიკანტიდან 14 არ გამოცხადდა. ასევე, თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა აღმოაჩნდა რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებიც სარეზერვო ოთახში დაყოვნდნენ და მალევე ტემპერატურა აღარ დაუფიქსირდათ.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა და ასევე გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა მაღალი სიცხის გამო.

გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.