როდის აღდგება ფრენები

2020-07-06 14:22:16

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

"ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ" - ნათქვამია უწყებათაშორისი საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ კარანტინის გარეშე საქართველოსთან საზღვრების გახსნის სურვილი გამოთქვეს "ლატვიამ, ლიეტუვა და ესტონეთი ახლოს არიან ამ გადაწყვეტილებასთან, პოლონეთთან არის ეს სიტუაცია". ასევე ცნობილია, რომ საქართველოს საზღვრები გაუხსნა საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

ოფიციალურად რეგულარული ფრენები პირველი აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა, ფინანსთა მინისტრმა 2 ივლისს თქვა, რომ "საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს". მისი აზრით, "შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა".

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, უსაფრთხო ქვეყნების რეკომენდებული სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი. რაც შეეხება იტალიას, იქ შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ.