პანდემიური დაბადების დღეები რუსთავში

2020-07-08 20:58:57

ახალმა რეალობამ უამრავი ცვლილება მოიტანა.

რთულია გაუძლო ისეთ ცდუნებას, რასაც იუბილეს აღნიშვნა და საკუთარ დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად გართობა ჰქვია.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, როგორ აღნიშნავენ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციების დაცვით რუსთაველები დაბადების დღეებს და როგორ მიმდინარეობს პანდემიური იუბილეები ქალაქში არსებულ რესტორნებში.

საინფორმაციო სააგენტოს ყურადღების ცენტრში მოექცა "20 კაციანი დაბადების დღე სოციალური დისტანციის დაცვით", რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა რუსთაველმა გოგონამ გადაიხადა.

საერთო წრეში მყოფ 20 კაცს ერთმანეთისგან განცალკევებით დასხდომა მოუხდა. 1 მაგიდაზე მხოლო 6 კაცი განთავსდა, ანუ ერთი დაბადების დღისთვის, საერთო ჯამში, 4 სუფრა გაიშალა. როგორც წვეულების სტუმრები გვიყვებიან, მათ ცეკვაც კი 2 მეტრიანი სოციალური დისტანცირების დაცვით უწევდათ, მითითება კი ამის შესახებ რესტორანში დასაქმებული პერსონალისგან მიიღეს.

ასევე, "ინფო რუსთავთან" წვეულების წევრები ჰყვებიან, რომ დაბადების დღის სხვა სტუმრების მაგიდასთან მისვლის უფლება არ ჰქონდათ. ერთმანეთთან კომუნიკაციას მხოლოდ ცეკვის დროს, ისიც 2 მეტრიანი დისტანციიდან ახერხებდნენ.

შეგხსენებთ, რესტორნებისთვის ჯანდაცვის სექტორმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა. 8 ივნისიდან, მუშაობა განაახლეს სწორედ იმ რესტორნებმა და კაფე-ბარებმა, რომლებმაც დააკმაყოფილეს მოთხოვნები ახალ გამოწვევასთან, კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში.