გარდაბნის მერის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

2020-07-05 12:53:52

გარდაბნის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეგაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 2 ივლისიდან გავთავისუფლდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობიდან, თუმცა ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და მოქალაქეთა სამსახურს ვაგრძელებ სხვა მნიშვნელოვანი ახალი სამუშაო პოზიციიდან. დიდი მადლობა ყველა კოლეგას და თანამშრომელს, წინა პერიოდში ერთობლივად გაწეული საქმიანობებისთვის", - წერს ეგაძე სოციალურ ქსელში.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რევაზ ეგაძე მუშაობას გარდაბნის მერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. მოადგილის თანამდებობაზე კი მას ოთარ გავაშელიშვილი შეცვლის.

"ინფო რუსთავის" ცნობილია რომ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ რომ 4 თვის წინ გარდაბნის მერის პირველი მოადგილის პოზიცია გიორგი შინჯიკაშვილმა დაიკავა. ასე თანამდებობა დატოვა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ჯემალ დავითიძემ, მისი პოზიცია კი ანტონ მამუკაშვილმა დაიკავა.

საინფორმაციო სააგენტო მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშრებით კომენტარისთვის გარდაბნის მერს რამაზ ბუდაღაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ბუდაღაშვილმა "ინფო რუსთავის" ზარებს არ უპასუხა.

ცნობისთვის, ეგაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.