რუსთავის საქალაქო სასამართლომ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. [ვიდეო/video]
მოსამართლე ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20- წლიანი პატიმრობა შეეფარდა, მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი - გიორგი ასათიანი კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ასათიანის გათავისუფლებას რუსთავის სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 35 წლის დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
პოლიციელებს, დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ყოფილ სამართალდამცავ დიმიტრი დუღაშვილსა და მოკლულის მეგობარ გიორგი გეთაშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა განმარტა, მოქმედი პოლიციელების მიმართ სასჯელი უფრო მკაცრად განისაზღვრა, რამეთუ მათ უფრო მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.
შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდნენ.
სამართალდამცავებმა, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის პოლიციამ 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, მდინარის პირას დააკავა.
ზურაბ ჯღარკავასა და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა.