სილამაზის სალონები პანდემიის შემდეგ

2020-07-04 13:14:13

რუსთავის სილამაზის სალონების დიდ ნაწილში მუშაობა შემცირებულია.

როგორც სილამაზის სფეროში დასაქმებული პირები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ფუნქციონირება განახლდა, პირველი რამდენიმე დღე სრული დატვირთვით მუშაობდნენ, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა და ამ ეტაპისთვის სალონებში მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია, რაც ბიზნესს დიდ ზარალს აყენებს.

საინფორმაციო სააგენტო რუსთავში არსებული სილამაზის ცენტრების ნაწილის მეპატრონეებს ესაუბრა და გაარკვია, რომ ისინი მომხმარებლების რაოდენობის კლებას რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ.

"ვფიქრობთ, რომ პანდემიის გამო, უმუშევრობისა და სახლში ყოფნის ფონზე, საზოგადოების დიდ ნაწილს ფინანსური მარაგებიც ამოეწურა. გარდა ამისა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დადიოდა ჩვენთან. მას შემდეგ, რაც სტუდენტები, მოსწავლეები და მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, იმდენად ხშირი სტუმრები სალონების აღარ არიან და ჩვენც მომხმარებელთა დიდი რაოდენობა მოგვაკლდა", - აცხადებს ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონე.

შეგახსენებთ, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში მუშაობა 18 მაისიდან განახლდა.