ინცინდენტი რუსთავის სასურსათო მაღაზიაში

2020-07-05 00:02:34

რუსთავში, გადაჭარბებული ხმაურის მიზეზით ერთ-ერთმა სასურსათო მაღაზიამ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით მერიაში ობიექტის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქის მხრიდან შევიდა.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეს აწუხებდა ხმა, რომელიც მაღაზიაში დამონტაჟებული გამწოვი მილისგან იყო გამოწვეული.

ფაქტზე ობიექტმა ჯერჯერობით გაფრთხილება მიიღო, რადგან კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ ჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარაიმდება.