"ნუ დაჩაგრავ, შეიფარე" [video]

2020-07-19 01:02:38

"ნუ დაჩაგრავ, შეიფარე", - ამ წარწერით ძაღლის სახლი, რომელიც ბალანჩივაძის ქუჩაზე დგას, 52 წლის რუსთაველმა მამაკაცმა საკუთარი ხელით შეჭედა. [ვიდეო/video]

პატარა სახლმა ფერადი წარწერით შესაძლოა თქვენი ყურადღბა არაერთხელ მიიპყრო, თუმცა სულაც არ იცით, რომ კაცი, რომელმაც ეს ბინა მოაწყო, უკვე 10 წელია მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს.

გია თურაზაშვილის ეზოში ჯერ სულ 2 სახლი დგას და ამ ეტაპზე 6 ძაღლის მოვლა-პატრონობას ახერხებს, თუმცა ამ წლების განმავლობაში მასთან ათობით ოთხფეხა მეგობარს უცხოვრია.

სამწუხაროდ, ზოგი მოუკლეს. როგორც თვითონ "ინფო რუსთავთან" საუბარში იხსენებს, ამ 10 წლის განმავლობაში დაახლოებით მასთან მყოფი 20 ძაღლი მოწამლეს, "ძაღლების რუსთაველი მეგობრისათვის" კი ცხოველებთან განშორება ემოციურად განსაკუთრებით რთულია.

ცხოველებზე ბავშვობიდან შეყვარებულია, მიუსაფარი ძაღლების მოვლაშიც ხშირად იმაზე მეტ რესურსს დებს, ვიდრე აქვს.

"ხშირად საჭმელს მე ვიკლებ და მათ ვაჭმევ. როცა ვახერხებ მეზობლის ძაღლებსაც ვუკეთებ საჭმელს, მინდა რომ ცხოველები ყველამ შეიყვაროს. 1 ძაღლი დაკარგული მყავს 3 დღეა და ძალიან ვნერვიულობ, დავდივარ და ვეძებ", - უყვება გია თურაზაშვილი "ინფო რუსთავს".

"დუცი" - ასე შეარქვა 52 წლის მამაკაცმა მის ყველაზე ერთგულ ოთხფეხა მეგობარს. "დუცი" უკვე 4 წელია გია თურაზაშვილის ეზოს ბინადარია. ყველა ძაღლს სახელს თავად ურჩევს და თითოეულ მათგანთან ურთიერთობის საკუთარი, განსაკუთრებულად ძვირფასი ისტორია აქვს.

ამბობს, რომ არაფრის ფასად არ უღირს მის ერთგულ მეგობრებზე უარის თქმა და ძაღლებზე ზრუნვასთან დაკავშირებით სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები