დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს, ოჯახის ექიმებსა და პოლიციის თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ხელფასები 100-100 ლარით გაეზრდებათ.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება პოლიციელებს, მათ ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
„ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.