"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა. ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული ანტისანიტარიის ფაქტით, რომელსაც გრანელის ქუჩაზე მოწყობილი სასაკლაო იწვევს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური დაინტერესდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია საქმისწარმოება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
"მიმდინარე წლის 26 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 153-ზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. რუსთავში გრანელის N2-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაო შემოწმდა.
თანამშრომლების მიერ დათვალიერდა ტერიტორია, დაიწყო საქმისწარმოება და ნარჩენების განთავსების ადგილას აღებულ იქნა GPS კოორდინატები ტერიტორიის საკუთრების დადგენის მიზნით. დაწყებულია საქმისწარმოება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", - ნათქვამია წერილში, რომელიც სამსახურმა "ინფო რუსთავს" მისწერა.
შეგახსენებთ, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოველთა სასაკლაოა მოწყობილი. ადგილობრივ მოსახლეობას ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი აწუხებს.