რა წერია სახელმწიფო პროგრამაში

2020-06-29 17:16:23

მოქალაქეებს ერთზე მეტი სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღებაც შეეძლება.

ამაზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამაშია აღნიშნული.

თუმცა, ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვაც იქნება. კერძოდ, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, ერთი და იმავე ბინის შესაძენად გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გეგმის მიხედვითაც, ყველას ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს. თუმცა ეს წესი მხოლოდ იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რეფინანსირების განაკვეთი მაღალია. მთავრობის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შეწყვეტს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს, განაახლებს იმ შემთხვევაში, თუ განაკვეთი ასცდება 5%-ს.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-ს შეადგენს. ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 5 აგვისტოსაა ჩანიშნული.