როდის შემოვა ახალი ავტობუსები რუსთავში

2020-06-27 19:15:31

რუსთავში "ოტოკარის" მარკის, მწვანე ფერის 40 ავტობუსი ოქტომბრის თვეში შემოვა. ავტობუსები, რომლებიც ქალაქს უნდა გადმოეცეს, უკვე შეძენილია.

10 მეტრი სიგრძის ავტობუსები შიდასაქალაქო მოძრაობისთვის იქნება განკუთვნლი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-თან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის, საერთო ჯამში, 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს 117 ერთეული 8.5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსის მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.

ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მაჰირ ჩაღრი ოზშეკერმა მოაწერეს.