არქეოლოგიური კვლევები რუსთავში

2020-06-25 17:48:54

რუსთავში თრიალეთის კულტურის პერიოდის სამარხი აღმოაჩინეს.

რუსთავის ისტორიულ ციხესთან, სადაც ამჟამად სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რუსთაველმა არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი, ადამიანის ნეშტი და სხვადასხვა სახის ექსპონატები აღმოაჩინეს. ამ სიძველის ნაშთები, რუსთავის ტერიტორიაზე პირველად იპოვეს. სამარხი თრიალეთის ეპოქის მიწურულს ეკუთვნის. იმის გარდა, რომ რამდენიმე დღის წინ ნანახი სამარხი თავისი სიძველითაა საინტერესო, ეს აღმოჩენა, იმის ვარაუდის საფუძველსაც იძლევა, რომ თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა, რუსთავამდე ვრცელდებოდა. დღეს, არქეოლოგების მიერ ნანახი არტეფაქტები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა.

,,ძალიან საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე და რა თქმა უნდა, ეს რუსთავისთვის ახალი ნიშის გასაჩენად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. თქვენ იცით, რომ რუსთავის ისტორიული ციხის რესტავრაცია მიმდინარეობს და ეს სამარხი, იქვე ციხის მახლობლადაა აღმოჩენილი. უძველესი ნაშთები ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. ძალიან საინტერესოა არტეფაქტი, რომელსაც ეგრეთწოდებული სავაჭრო შტამპი ემჩნევა, რაც იმ პერიოდში, ამ ტერიტორიაზე ძალიან განვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მეტყველებს. ამაზე მიუთითებს აღმოჩენილი თიხის ჭურჭელიც, რომელიც თრიალეთის უძველეს კულტურას ეკუთვნის. რუსთავის სიძველეზე მეტყველებს დღემდე ციხის ტერიტორიაზე ნანახი ნაქალაქარიც, თავისი სანიაღვრე ქსელითა და აბანოთი. კვლევა გაგრძელდება და არსებობს ვარაუდი, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო არქეოლოგიური ექსპონატის ნახვას შეძლებენ სპეციალისტები“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

გვიან ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის არტეფაქტებიდან, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ციხესთან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭელი, რომელზეც ურთულესი ორნამენტებია დატანილი, უწვრილესი თეთრი და ფირუზისფერი მძივები, ბრინჯაოს საკინძი. ,,ძალიან წარმატებული ექსპედიცია გვქონდა წელს, უნდა აღინიშნოს უფრო ადრე ნანახი ექსპონატებიც, რომლებიც მე-12 საუკუნით თარიღდება, უფრო ქვედა ფენებში ვნახეთ გვიან ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის არტეფაქტები და რომ გვეგონა, რომ ამაზე ძველს აქ უკვე ვერაფერს ვიპოვიდით, ვნახეთ ეს სამარხი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. აქ არის ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, ცხოველების- სავარაუდოდ ცხვრის ნაშთები, 9 თიხის ქოთანი უფაქიზესი ორნამენტებით, ბრინჯაოს საკინძი, მინის და სარდიოლის მძივები. ქოთნებში სავარაუდოდ იყო საკვები პროდუქტიც. ახლა ველოდებით, რა დასკვნას გააკეთებენ პალეობოტანიკოსები და ანთროპოლოგები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამარხი ეკუთვნის თრიალეთის კულტურის ბოლო პერიოდს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსთავი ხვდება ამ უძველესი ბრწყინვალე კულტურის არეალში“- განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა.

რუსთავის ისტორიულ ციხესთან მიმდინარე არქეოლოგიურ კვლევებს, რუსთავის მერია აფინანსებს, ციხის რესტავრაცია, კი აქ 2019 წელს, ,,ფონდი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.