პოლიციელი დააკავეს

2020-06-23 15:24:16

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „ადამიანი უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ ა. ი-ს ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

საქმე ეხება 2018 წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილით დაეჯახა ქ. მ-სა და ე. მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ი. პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა.

„საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი დააწინაურეს.

ქ. თბილისის პროკურატურა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად 2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას ასახელებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს, თითქმის 2 წელი დასჭირდა საქმეზე დასრულებული დასკვნის გასაცემად.

დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავალა ა.ი.-ს საქმე. უწყებების განმარტებით, ა. ი-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა რეაგირება არ მოახდინეს იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალექეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლევის არაგონივრული დროით გახანგრძლივებაა. ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების გათვალისწინებით, აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიების დაბრკოლების მიზეზი გახდა ესპერტიზის დასკვნის მიღების დაგვიანება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში აშკარაა სამხარაულის ეროვნული ბიუროს არაეფექტური მუშაობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება პასუხსისმგებლობა, რომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და სავარაუდო დამნაშავეს საშუალება მისცა ყოფილიყო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.