ვინ იქნება "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში

2020-06-19 10:06:54

კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, ვინ იქნება "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ინფო რუსთავს" ჯერჯერობით არ სცემს, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსთავში გამორჩეული კანდიდატის წარდგენა იგეგმება.

"მაჟორიტარი გვეყოლება 30-ვე ოლქში. რუსთავში გვეყოლება გამორჩეული კანდიდატი, რომელსაც ესმის ადამიანების გასაჭირი და მათთან ერთად ახსნის ლელოს პროგრამას და მოდელს, თუ რას გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და აუცილებლად მოიპოვებს მხარდაჭერას. რა არის მხარდაჭერა? ადამიანს უნდა ენდობოდე, მისი განვლილი საქმე უნდა იყოს შენთვის ნათელი და პროგრამა მისაღები. გვინდა რომ ეს თემა ცალკე გავშალოთ, ცალკე პრეზენტაცია გავაკეთოთ, იმიტო რომ მარტო ერთ ოლქში ვერ დავასახელებთ კანდიდატს. ვაპირებთ, ძალიან საინტერესო პროექტის ჩაშვებას. პირველ რიგში, გვსურს კონსულტაცია გავიაროთ ამომრჩეველთან. არ გვინდა საზოგადოებას ჩვენი კანდიდატურა მოვახვიოთ თავს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რუსთაველია, იცის ჩემი პრობლემები, რატომ უნდა დავუჭირო მხარი მას? ამომრჩეველთან მივალთ და ვეტყვით, თქვენც დაგვისახელეთ, ჩვენც დაგისახელებთ და შევჯერდეთ კანდიდატზე", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.