რა ღირს ბინის ქირაობა რუსთავში

2020-06-19 10:26:50

დედაქალაქის მსგავსად, შემოსავლიან ბიზნესად იქცა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავება რუსთავშიც. სტუდენტურ ქალაქთან ახლომდებარეობისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ბოლო წლებში, რუსთავში, სტაბილურად იზრდება ბინების გაქირავების ფასები.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რომელ უბანში რა ფასად არის შესაძლებელი ბინის დაქირავება და ქალაქში მოქმედი ერთ-ერთი უძრავი ქონების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დაგიჯდებათ. ესენია: კოსტავას გამზრიზი, რუსთაველის ქუჩა, მეგობრობისა და შარტავას გამზირები.

როგორც "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების სააგენტოში განუცხადეს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში 1 ოთახიანი ბინის ქირაობის ფასი 250 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ფასი მნიშვნელოვნად იზრდება რემონტის, საცხოვრებელი პირობებისა და ცხადია, ოთახების რაოდენობის მიხედვით. თუ საცხოვრებელი ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და  სახლში რემონტი არის ახალი გაკეთებული, ფასმა შეიძლება  700 ლარსაც მიაღწიოს.

რაც შეეხება რუსთავის სხვა უბნებს, უძრავი ქონების სააგენტოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფასებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მნიშვნელობა ბინის ქირავნობის დროს მეტწილად მის კეთილმოწყობას ენიჭება.  ქალაქის პერიფერიებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა დაახლოებით 150 ლარიდან 200 ლარამდეა შესაძლებელი. (საშუალო საცხოვრებელი პირობებით) და მაქსიმალური თანხა 600-700 ლარს ამ შემთხვევაშიც აღწევს.

უძრავი ქონების სააგენტოში განმარტავენ, რომ პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა ბინების დაქირავების მსურველთა რაოდენობა, ამ ეტაპზე კი ბიზნესი გამოცოცხლებას იწყებს.