რა ღირს რუსთავში მიწის ნაკვეთები

2020-06-26 22:22:13

რუსთავში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში სწრაფად გაშენდა ქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები. შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ფასები სულ უფრო იზრდება.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნაკვეთებზე ფასები 2019 წელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა ბოლო 3 თვეა მოთხოვნა შემცირდა. მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემია სახელდება.

როგორც „ინფო რუსთავთან“ საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთის ფასებს რუსთავის მასშტაბით:

ყველაზე დაბალი ფასი რუსთავის გარეუბნებშია სადაც მიწის ნაკვეთის ღირებულება  1 კვადრატულ მეტრზე 30-60 დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში მერყეობს.

ცენტრალურ უბნებში ფასები ბევრად მაღალია. 1 კვადრატული მეტრი 150-200 დოლარის ექვივალენტი ლარში ფასდება.