გადავიდა თუ არა კომპოსტირების პროცესი რუსთავიდან მოშორებით

2020-06-10 14:31:26

მას შემდეგ, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს" კომპოსტირების პროცესის რუსთავიდან მოშორებით გადასატანად გარკვეული ვადა განუსაზღვრა, 6 თვე, ანუ ნახევარი წელი გავიდა. უსიამოვმო სუნი კი რუსთაველებს ისევ აწუხებთ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს" კომპოსტირების პროცესის რუსთავიდან მოშორებით გადატანის სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაუწყია. საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ ნაკვეთი, რომელზეც კომპოსტირების საწარმოებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, საწარმოს ჯერ არ შეუძენია.

როგორც სანდო წყარო "ინფო რუსთავს" უყვება, პროცესის სხვა ლოკაციაზე გადატანა კოლოსალურ თანხებთანაა კავშირში, ამ ხარჯების გაწევისგან კი კომოპანია თავს მაქსიმალურად იკავებს.

პირი, რომელიც სოკოს საწარმოშია დასაქმებული, თავადაც რუსთაველია და კარგად იცის აღნიშნული პრობლემის შესახებ. მამკაცი პირად საუბრებში აცხადებს, რომ თუ კომპანია გადაწყვეტს კომპოსტირების პროცესის სხვა ტერიტორიაზე გადატანას, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოების ჩატარება მოუწევს. როგორც წყარო საინფორმაციო სააგენტოს უვება, საჭიროა ავზების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქურის მომზადება და მიწის შესყიდვა, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, შეჩერდება საწარმოო პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ "თეთრ ქუდს" წაგებაზე მუშაობა მოუწევს..

კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ანონიმურობის დაცვას გვთხოვს, აცხადებს, რომ ჯერჯერობით კომპოსტირების პროცესის სხვა ლოკაციაზე გადატანაზე საუბარი არცთუისე რეალურია.

შეგახსენებთ, უსიამოვნო სუნის პრობლემა რუსთაველებს უკვე თითქმის 2 წელია აწუხებთ.